|
ქართული კალიგრაფია
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვნებაში მჟღავნდებოდა ცალკეული წიგნის შემქმნელის ინდივიდუალურობა.
მართალია, ბევრი ოსტატის სახელი დღეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მათი შემოქმედებითი ღვაწლით შექმნილი ასობით ხელნაწერი წიგნი ეროვნულ საუნჯედ იქცა. დღეს ისინი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ჩვენს რეალობაში ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ნაკლებად ცნობილი და წახალისებულია. დღეს ბევრი ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს დახვეწილი კალიგრაფია. მაშინ როცა, ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2010 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ კონკურსს „ქართული კალიგრაფია“, სადაც მონაწილეებს საშუალება ეძლევათ თანაბარ კონკურენტულ პირობებში წარმოაჩინონ უნარი ხელით წერის კულტურაში, ასევე, აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ლექცია-სემინარები შესაბამის თემებზე.
პროექტის საბოლოო მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება.
|