|  Geo |  Eng
 Home    Contact    Sitemap    Links   
  ახალი სახელწოდება - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიძველეთსაცავია საქართველოში. აქ უმდიდრესი კოლექციაა თავმოყრილი: ხელნაწერი წიგნები, ისტორიული საბუთები, საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, ძველნაბეჭდი წიგნები, რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ბიბლიოთეკები და ნივთები... ინსტიტუტში წარმატებით ხორციელდება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე საგამოფენო და სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტები. ხელნაწერთა ინსტიტუტის კოლექციების დიდი ეროვნული ღირებულება სრულიად უეჭველია.

ხელნაწერთა ინსტიტუტი რეალურად წარმოადგენს ამ დარგში საქართველოში მეთაურ დაწესებულებას, იგი ადგენს საქართველოს სხვა საცავებში დაცული ხელნაწერების აღწერილობებს, უტარებს მათ პროფილაქტიკურ და სარესტავრაციო სამუშაოებს, სწავლობს და აქვეყნებს ამ ხელნაწერებით შემონახული ტექსტების აკადემიურ გამოცემებს, კონსულტაციებს უტარებს შესაბამისი პროფილის დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს და ა. შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხელნაწერთა ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - აღწეროს, შეისწავლოს და დაიცვას საზღვარგარეთის ფონდებში დაცული ქართული ხელნაწერები.

იმისათვის, რომ დაწესებულების სახელწოდებამ სრულად და ზუსტად ასახოს შინაარსი და ის ფუნქცია, რასაც იგი რეალურად ასრულებს, გარდა ამისა, წარმოაჩინოს კოლექციის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივა, ინსტიტუტის კოლექტივი გამოვიდა დაწესებულებისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით.

აღნიშნული ინიციატივა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, განიხილა და დააკმაყოფილა მთავრობის სხდომამ.

ამრიგად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2007 წლის 23 მაისიდან ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

მთავრობის დადგენილება იხ.

http://www.government.gov.ge/aqtebi_full.php?nid=2624

 

 Site search