აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
8 ივნისს 16 საათზე ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სპეციალურად მათთვის ჩატარდა შემეცნებითი საუბრები ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაზე, სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ექსპონატები. აქცია “შერატონ მეტეხი პალასში" გაგრძელდა.
18 საათზე გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “ისტორიული ტაო-კლარჯეთი”.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელი, მამა იოსები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
გამოფენაზე ცენტრმა თავისი უმდიდრესი ფოტოკოლექციიდან წარმოადგინა თურქეთის ქართველების ყოფა-ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. ასევე გამოიფინა ქართული ხელნაწერების ფოტორეპროდუქციები და სამხრეთ საქართველოში გადაწერილი უძველესი მოხატული ხელნაწერი წიგნები (წყაროსთავსი სახარება X-XI სს; ვარძიის ოთხთავი XII-XII სს; იოანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანება XI ს).
პროექტის მიზანი იყო სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის მოსწავლეების კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა და მათთვის სამხრეთ საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობა.
ღონისძიებაზე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია სოფელ არალში უნარშეზღუდული ბავშვებისთვის სკოლის გახსნა.