ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამი ხელნაწერი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის ახლად რეაბილიტირებულ მუზეუმში
ახლახანს ქ. ახალციხეში დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის
მუზეუმის რეაბილიტაცია. უახლოეს დღეებში მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, რომელიც ასახავს
რეგიონის ისტორიას პრეისტორიული ხანიდან დღემდე. გამოფენაზე სხვადასხვა ექსპონატებთან
ერთად წარმოდგენილი იქნება ხელნაწერებიც, მათ შორის სამი ნიმუში ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის კოლექციიდან: წყაროსთავის ოთხთავი (XII-XIII სს.),
ოსმალური ხელნაწერი –გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (XVI ს.)
და სამართლის წიგნი (XVIII ს.).
აღნიშნული ხელნაწერების ქ. ახალციხეში გადაადგილებამდე
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორებმა შეისწავლეს ხელნაწერები და დაასკვნეს,
რომ შესაბამისი პირობების დაცვით სრულიად დასაშვებია მათი ტრანსპორტირება და ექსპონირება
ახალციხეში. ამ საკითხზე არც ხელნაწერების ტრანსპორტირებამდე და არც მას შემდეგ განსხვავებული
აზრი არ ყოფილა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შორის. ჩვენ მიზანშეწონილად
ჩავთვალეთ აღნიშნულ საგამოფენო პროექტში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან, სამცხე-ჯავახეთის
მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზისაგან განსხვავებით, დაცულია
ხელნაწერთა დიდი დროით გამოფენისათვის საჭირო პირობები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
კი ფართო საზოგადოება ხშირად მოკლებულია შესაძლებლობას დათვალიეროს ხელნაწერების ორიგინალები.
სამწუხაროდ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს
აღნიშნული ხელნაწერები ,,ქურდულად‘‘ გაიტანეს
თბილისიდან. სინამდვილეში კი ხელნაწერების ტრანსპორტირება თბილისიდან ახალციხის მიმართულებით
მოხდა ყველა სათანადო პროცედურის დაცვით, გეგმის მიხედვით დანიშნულ დროს, მიმდინარე
წლის 7 აგვისტოს, დღისით, სამუშაო საათებში (14 სთ). ტრანსპორტირებამდე ხელნაწერები
საცავის თანამშრომლების, რესტავრატორებისა და ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობითა
და თანდასწრებით შეიფუთა სპეციალური მასალით, ყველა წესის დაცვით ჩალაგდა სპეციალურ
ყუთში, რომელიც დაილუქა და დაცვის სამსახურის თანხლებით გაემგზავრა ქ. ახალციხეში.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის ახლად რეაბილიტირებული მუზეუმი
განთავსდა ახალციხის ისტორიულ უბანში – რაბათის არქიტექტურულ კომპლექსში მდებარე XIXს-ის
საერო ნაგებობაში. ხელნაწერების სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში ტრანსპორტირებამდე საგამოფენო
დარბაზში უკვე დასრულებული იყო შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები. მუზეუმის კედლებად
შენარჩუნებულია ძველი ქვის წყობის ფაქტურა და შესაბამისად, ინტერნეტში გავრცელებული
ინფორმაცია ჯერ კიდევ სველი შელესილობისა და საღებავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერების გამოსაფენად შექმნილია საერთაშორისო ნორმებით
გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პირობა. ამ პირობების შესაქმნელად წინასწარი კონსულტაციები
რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული მუზეუმის
სპეციალისტებს შორის. ხელნაწერებისათვის სპეციალურად დამზადდა ჰერმეტული ვიტრინები,
შეიქმნა ხელნაწერებისათვის საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმი, საერთაშორისო
სტანდარტით მიღებული ნორმების შესაბამისად დამონტაჟდა განათება ვიტრინების გარეთ.
ხელნაწერები ვიტრინებში განათავსეს 7 აგვისტოს ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა. ამ პროცედურის
დროს დაცული იყო ყველა სათანადო ნორმა: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრისა და სამართლის
წიგნისათვის შეირჩა გადაშლის კუთხე და დამაგრდა გვერდები. წყაროსთავის ოთხთავი საგამოფენო
ვიტრინაში არ არის წარმოდგენილი გადაშლილ მდგომარეობაში, იგი დახურულია და იგივე მდგომარეობაში
იმყოფება, როგორც იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში. ამასთანავე, ოთხთავის მინიატურები,
რომლებიც გვიანდელი პერიოდისაა და არ არის ხელნაწერის შექმნის თანადროული, ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის საცავში დარჩა. ეს მინიატურები თავიდანვე იყო მოცილებული ძირითად
ხელნაწერს და უკვე რამდენიმე ათწლეულია ცალკე ინახება მათი უკეთ დაცვის მიზნით. სამივე
ხელნაწერის ვიტრინებში განთავსების შემდეგ ვიტრინები ჰერმეტულად დაიხურა. მომდევნო
თვეების მანძილზე უშუალოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლის მიერ განხორციელდება
დარბაზში არსებული პირობების ყოველკვირეული მონიტორინგი.
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში ხელნაწერების გამოსაფენად
ყველა პირობა არის შექმნილი, რაც ხელს უწყობს მათ დაცულ მდგომარეობაში ყოფნას და ამასთანავე
საშუალებას აძლევს ფართო საზოგადოებას ახლოს გაეცნოს აღნიშნულ ხელნაწერებს, რისი საშუალებაც
მას აქამდე იშვიათად ჰქონდა, ვინაიდან ხელნაწერები მხოლოდ ხანმოკლე დროით, თემატური
ექსპოზიციების ფარგლებში იფინებოდა.
ბოლო დღეების მანძილზე ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სხვადასხვა
ინფორმაცია ხელნაწერების დაცულობის შესახებ. ზემოთ აღნიშნული სამი ხელნაწერიდან გურჯისტანის
ვილაიეთის დიდი დავთარი და სამართლის წიგნი რესტავრირებულია XX საუკუნის დასასრულს.
რაც შეეხება წყაროსთავის ოთხთავს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცული დოკუმენტაციის
მიხედვით, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსების დღიდან
– 1958 წლიდან. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1982 წელს ქ. პარიზში, იმ დროის ყველაზე
დიდ საგამოფენო სივრცეში – ,,გრან პალეში‘‘ მოეწყო ქართული ხელნაწერების გამოფენა,
სადაც წყაროსთავის ოთხთავი ხუთ სხვა ქართულ ხელნაწერთან ერთად გამოიფინა. XX საუკუნის
დასასრულს წყაროსთავის ოთხთავს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები. სწორედ ამ სამუშაოების
დროს გადაღებული ფოტოები გავრცელდა ინტერნეტში თარიღის მითითების გარეშე. აღნიშნული
ფოტოები ასახავს კონსერვაციის პროცესს და არა შემდგომ მიღებულ შედეგს, მით უფრო, ფოტოები
არ ასახავს ოთხთავის დღევანდელ მდგომარეობას. დღეს ოთხთავის ყდა შეკრულია, ხე, რომელზეც
შემოკრულია ჭედურობა, გასუფთავებული და დამუშავებულია, თვითონ ხელნაწერის ფურცლები
კი ერთად არის აკინძული. მთლიანობაში ოთხთავის მდგომარეობა სტაბილურია, რაზეც მოწმობს
ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იგი რამდენჯერმე იყო ექსპონირებული ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში.
არასწორი ინფორმაცია ვრცელდება 2008 წელს ქ. ლონდონში
დაგეგმილ გამოფენასთან დაკავშირებითაც. 2007 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ლონდონის
გამოფენაზე წყაროსთავის ოთხთავის ექსპონირების შემოთავაზება მიიღო. ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის ყველა რესტავრატორისა და მოწვეული ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ოთხთავის
ტრანსპორტირება და ექსპონირება უარყოფითად არ იმოქმედებდა მის მდგომარეობაზე. თუმცა,
რამდენიმე მოწვეულმა ექსპერტმა გამოთქვა შიში ოთხთავის ასეთ შორეულ მანძილზე მრავალსაათიანი
ტრანსპორტირების გამო. ამ ფაქტს ისიც ართულებდა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები
ვერ შეძლებდნენ გამოფენაზე ხელნაწერის მდგომარეობის მონიტორინგს. სწორედ მოწვეულ ექსპერტთა
უმცირესობის აზრს გაეწია ანგარიში და ოთხთავი ადგილზე დარჩა. უნდა აღინიშნოს ისიც,
რომ ზედმეტი მითქმა–მოთქმის თავიდან აცილების მიზნით ლონდონის გამოფენაზე არ გავიდა
არც ვანის ოთხთავი (XII-XIII სს.), რომლის კარგი მდგომარეობის შესახებ არანაირი აზრთა
სხვადასხვაობა არ ყოფილა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ექსპონატები დროდადრო
მონაწილეობას იღებს თბილისისა თუ საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ გამოფენებში. ასეთ
შემთხვევებში საკითხი წყდება ხელშეკრულების საფუძველზე საგამოფენო პროექტში მონაწილე
ორ დაწესებულებას შორის და ქართული კანონმდებლობის მიხედვით არ საჭიროებს რომელიმე
უწყებისაგან სპეციალურ ნებართვას.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში გამოფენილი სამივე
ხელნაწერი ახალციხეში დარჩება რამდენიმე თვით, ექსპოზიციის განახლებამდე.