ალექსანდრე ვაჩეიშვილი - (1886-1964)
დასრულდა მუშაობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ვაჩეიშვილის პირადი არქივის აღწერილობაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კათედრის გამგე, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ალექსანდრე ვაჩეიშვილი დაიბადა 1886 წელს ქ.ქუთაისში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის წარჩინებით დასრულების შემდეგ იგი სწავლას აგრძელებს ბრიუსელის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში.
1912 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი პირველი ხარისხის დიპლომით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1922 წელს აკად. ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ალ. ვაჩეიშვილი მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ასრულებს სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ლექტორად, შემდეგ პროფესორად.
ალექსანდრე ვაჩეიშვილი წლების განმავლობაში გახლდათ სისხლის სამართლის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა სოციოლოგიაში, სამართლის თეორიაში, სისხლის სამართალში და სისხლის სამართლის პროცესში.
პროფესორ ალ. ვაჩეიშვილს 50-ზე მეტი დასახელების მეცნიერული შრომა ეკუთვნის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მუშაობა ქართული დიდი სამართლის ისტორიაში. ალ. ვაჩეიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა - დამუშავებაში. მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და მისივე რედაქტორობით გამოიცა სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები სისხლის სამართალში.
ალ. ვაჩიეშვილმა თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით თვალსაჩინო წვლილი შეიტანა საქართველოში სამართლის, მეცნიერებისა და საერთოდ ქართული კულტურის განვითარების საქმეში. გარდაიცვალა 1964 წელს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ალექსანდრე ვაჩეიშვილის პირადი არქივი დაამუშავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა თამარ იმნაძემ.