|  Geo |  Eng
  არგენტინაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ექსპედიცია დასრულდა

23 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით არგენტინაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო. ვიზიტის მიზანი ცნობილი ქართველი ემიგრანტების თამარ და აკაკი პაპავების არქივის პირველადი აღწერა და საქართველოში გამოგზავნა იყო. ექსპედიციის წევრები იყვნენ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა საითიძე, ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი პაატა ნაცვლიშვილი, მეგობართა საზოგადოების წევრები: კახა შენგელია და ტარიელ გვალია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ლევან თაქთაქიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ვახო სანაიას ხელმძღვანელობით. 
თამარ და აკაკი პაპავების არგენტინულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი იყო არაერთი ისეთი წიგნი და პერიოდული გამოცემა საქართველოსა თუ კავკასიის შესახებ, რომლებიც საქართველოს წიგნთსაცავებში არ მოიპოვება. დიდად მნიშვნელოვანია მათი საოჯახო არქივიც, რომელიც მოიცავს მდიდარ მასალას XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისიდან  1978 წლამდე,  თამარ პაპავას გარდაცვალებამდე. არქივი მოიცავს მრავალ ხელნაწერს, პირად ბარათს, ფოტო თუ მემორიალური ნივთებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ სახელებთან, როგორიცაა ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ვიქტორ ნოზაძე, მიხაკო წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, არჩილ ჯორჯაძე, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი და სხვ. პაპავების ოჯახი ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა და სათუთად ინახავდა ყველაფერს, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ამ არქივის დიდი ნაწილი, თამარ და აკაკი პაპავების შთამომავალთა გადაწყვეტილებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადმოეცა. ექსპედიციის წევრები უკვე დაბრუნდნენ, არქივი კი რამდენიმე კვირაში ჩამოვა საქართველოში და ცენტრში დაიდებს ბინას.
თამარ და აკაკი პაპავების არგენტინული ბიბლიოთეკა და არქივი ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სიძველეთსაცავია, რომელიც დღემდე ნაკლებად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. მისი ძირითადი ნაწილი აქამდე ბუენოს-აირესთან მდებარე ქალაქ ლომას-დე-ზამორაში, თამარ და აკაკი პაპავების შვილიშვილების გულნარა და სალომე ჭეიშვილების ოჯახში ინახებოდა, მცირე ნაწილი კი 1997 წლიდან საქართველოშია. 2008 წლამდე არქივის ეს ნაწილი გაზეთ „სამშობლოს“ რედაქციაში იყო დაბინავებული, ამჟამად კი  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თამარ და აკაკი პაპავების კაბინეტშია დაცული. 
  სხვა სიახლეები
  20.05.2013 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წიგნის ფესტივალზე
  17.05.2013 | ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
  17.05.2013 | მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში
  15.05.2013 | ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა": 2012 წლის ანგარიში და განვითარების პერსპექტივები
  15.05.2013 | სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრია
 ძიება საიტზე